ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნულ ბანკში სიმშვიდეა და "ყველა თავის მოვალეობას ასრულებს". ამის შესახებ მან ფორმულას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი წყაროები და ინფორმაცია. არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. სიმშვიდეა და თქვენც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ", - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტიც მრჩეველიც. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.
ნათია თურნავამ ამას ზეწოლა უწოდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება "კონსტიტუციის შესატყვისი" იყო.
ამასთან, 25 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესის ცვლილების შემდეგ, ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია გამჟღავნდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროცესი ჩაახშო.