logo
ENG



თურნავა: მიუღებელია მოწოდებები ჩაკეტვაზე, კოვიდმა ისედაც პარალიზება გამოიწვია

24 მაი 202113:32
3 წუთის საკითხავი
clock 694
თურნავა: მიუღებელია მოწოდებები ჩაკეტვაზე, კოვიდმა ისედაც პარალიზება გამოიწვია
საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს მიმართავს, ჩაერთონ იმ პლატფორმების მუშაობაში, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გასაცემად შეიქმნა. 

"ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა ჩვენი და გარემოს დაცვის სამინისტრო ერთობლივი ინიციატივა ექსპერტთა საბჭოს შესახებ. დღესაც ჩართულები ვართ და ველოდებით რჩევას, რეკომენდაციას, დასაბუთებულ წინადადებას, შენიშვნას, კრიტიკას, რისი გათვალისწინებაც სავალდებულო იქნება კომპანიისთვის. 

მეორე, ასევე ძალიან კარგი ფორმატი მათთვის, ვისაც უნდა პროექტის სრულყოფა და კითხვებზე პასუხის მიღება, არის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის ჩართულობა, რომელმაც უკვე დაიწყო პირველი კონტაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან. მოვუწოდებ აქტივისტებს, ჩაერთონ ამ კონსტრუქციულ რეჟიმში". - ამბობს თურნავა. 

მისივე განცხადებით, მიუღებელია "რიონის მცველების" მხრიდან ულტიმატუმებით ლაპარაკი - აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებდა, დღეს, 24 მაისს ქალაქის პარალიზებას მოახდენდნენ. 

თურნავას თქმით, კორონავირუსის გამო ქვეყანა ისედაც პარალიზებული იყო დიდი ხნის განმავლობაში. 

"ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია ხელისუფლების მიმართაც, საზოგადოების მიმართაც. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმის შესახებ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ. 

იმიტომ რომ, დამეთანხმებით, კორონავირუსმა დაახლოებით წელიწადნახევარი ისედაც პარალიზება გამოიწვია. ახლა ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რომ ეკონომიკა გავხსნათ, ავამოქმედოთ, გამოვაცოცხლოთ ტურიზმი, ჩამოვიდნენ ტურისტები და დავახვედროთ უსაფრთხო და მიმზიდველი გარემო, ამუშავდეს ტრანსპორტი, ამუშავდეს ბიზნესი, მაღაზიები". - თქვა ნათია თურნავამ

"რიონის მცველების" პირველი საპროტესტო აქცია თბილისში გუშინ, 23 მაისს გაიმართა. 

ისინი ითხოვენ: 

შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;

დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტებს. 


close დახურვა