logo
ENG



თურნავა: სამედიცინო ​ჟანგბადის მოხმარება 3-ჯერაა გაზრდილი, ვმუშაობთ, რომ დეფიციტი არ იყოს

30 ნოე 202012:57
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა: სამედიცინო ​ჟანგბადის მოხმარება 3-ჯერაა გაზრდილი, ვმუშაობთ, რომ დეფიციტი არ იყოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უწყება საქართველოში სამედიცინო ჟანგბადების წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და მარაგების შექმნაზე მუშაობს.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკითხი დღის წესრიგში იმის გამო დადგა, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის პირობებში, სამედიცინო ჟანგბადის მოხმარების მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.

"განსაკუთრებით შემოდგომაზე, პანდემიის მეორე ტალღის დროს პრაქტიკულად სამჯერ არის გაზრდილი სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება სამედიცინო დაწესებულებების მიერ. კერძოდ, დღეში 80 ტონას აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადების მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც ჩვეულებრივ დროს გვქონდა.

პრემიერის დავალებით ვმუშაობთ, რომ არ შეიქმნას არანაირი დეფიციტი. მინდა დავარწმუნო ჯანდაცვის სექტორი და მოსახლეობა, რომ სამედიცინო ჟანგბადის მომარაგების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება. დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება. ჩვენ აწარმოე საქართველოში ფარგლებში დავეხმარეთ რამდენიმე ჟანგბადის წარმოებას, რომ თავის პოტენციურ სიმძლავრეებზე გასულიყო, ახალი დანადგარები დაემონტაჟებინათ ან მწყობრიდან გამოსული დანადგარები შეეკეთებინათ და სერიოზულად გაიზარდა ადგილობრივი წარმოება სამედიცინო ჟანგბადის", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობამ თურქეთში 10 ახალი ჟანგბადის გენერატორი შეიძინა, საიდანაც ორი უკვე ჩამოიტანეს, 6-ს კი დეკემბრის შუა რიცხვებში ელოდებიან.

"შევიძინეთ თურქეთში ქარხანაში 10 ახალი დიდი სიმძლავრის ჟანგბადის გენერატორი თავისი კომპრესორით. თითო აწარმოებს დღეში 1 ტონა ჟანგბადს. აქედან ორი დანადგარი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. დეკემბერის შუა რიცხვებში ველოდებით, რომ კიდევ 6 დანადგარი შემოვა თურქეთიდან. აქედან სამი დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და სამი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოში დღეს, 30 ნოემბერს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 216-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 937 ადამიანი, 37 კი გარდაიცვალა.


close დახურვა