საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ქართული ბანკებიდან თანხის გატანას ვერ მოახერხებდა.
ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ისაუბრა. ჟურნალისტმა თურნავას ჰკითხა, "აქვს თუ არა ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხის გატანის შესახებ", რაზეც თურნავამ განაცხადა, რომ საბანკო კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, არ აქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე ისაუბროს.
"საბანკო კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. მე არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე, თუნდაც სანქცირებულ კლიენტი, საჯარო ეთერში რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი - მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას.
ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია. გამგები გაიგებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა. არ შემიძლია დაკონკრეტება, იმიტომ რომ ეს არის საბანკო კონფიდენციალურობა და კლიენტის კონფიდენციალურობა.
მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს და რაიმე რისკი არ დამდგარა", - განაცხადა თურნავამ.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტიც მრჩეველიც. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.
ნათია თურნავამ ამას ზეწოლა უწოდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება "კონსტიტუციის შესატყვისი" იყო.
ამასთან, 25 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესის ცვლილების შემდეგ, ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია გამჟღავნდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროცესი ჩაახშო.