ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებაში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს.
თურნავას თქმით, მმართველი გუნდისთვის სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილებები მნიშვნელოვანია.
"დასავლეთიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერი გაფრთხილება, ნებისმიერი რჩევა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, რასაც მათგან ვისმენთ აქ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუცია უნდა დავიცვათ ყველამ და კანონმდებლობა უნდა სრულდებოდეს. ჩვენც აქ ერთიანები ვართ", - განაცხადა თურნავამ.
გუშინ 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა არაერთი საელჩო თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერი. ისინი მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ გაათავისუფლონ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
ევროპის სახალხო პარტია ნიკა მელიას დაკავებას დემოკრატიაზე თავდასხმას უწოდებს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი შეიძლება იყოს ახალი დემოკრატიული არჩევნები.
ALDE-ს პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და ოპოზიციასთან დიალოგის გამართვისკენ, ასევე ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდებს.