logo
ENG



იენს სტოლტენბერგი რუსულ კანონზე: საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს

31 მაი 202419:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/31/ngvbwt0qjsfsso4.jpg

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიაკთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსულ კანონს "საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს."

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს ქართველი ხალხის მიზნები და მისწრაფებები, რაც ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას გულისხმობს.

"საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ" საქართველოს არასწორი მიმართულებით მიჰყავს და შესაბამისად, ნატო-ს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში", - თქვა მან.

სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე არ უსაუბრიათ იმაზე, მოჰყვება თუ არა კონკრეტული შედეგები რუსული კანონის მიღებას საქართველო-ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობაზე, თუმცა დასძინა, რომ პოლიტიკური დიალოგი ამ პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კითხვაზე, დარჩება, თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა:

"დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს", - თქვა მან.


close დახურვა