საუკუნის წინ, წითელმა რუსეთმა, ქართველების დახმარებით სერგო ორჯონიკიძის მიერ შექმნილი შულავერის კომიტეტის მოხმობით - მაშინ იარაღით მოახერხეს ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკის დაპყრობა და განადგურება. ახლა შულავერის ანუ ივანიშვილის კომიტეტს რუსეთის სამხედრო დახმარება აღარ სჭირდება - ძალით, დაშინებით, გაყალბებით და ტყუილით სახელმწიფო მიიტაცა და რუსული გეგმით ტვინების ოკუპაცია მოახდინა. ივანიშვილმა სახელმწიფო პატარა სოფლად გადააქცია და მისი როგორც თავად ამბობს საყვარელი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟის არქიფო სეთურივით ტყეში, მიწურში გამოკეტილი, დამონებული იმედი მოიგონა - სიკეთის პროგრამა, რომელიც ყრუ-მუნჯ ქონდრის კაცზეა ჩამოკიდებული. ოლიგარქის ოცნება, რომ შუალვერის კომიტეტის იდეური მემკვიდრე არ იყოს - ახლა ანაკლიის პორტი სრული დატვირთვით უნდა მუშაობდეს, საქართველოს პრემიერმინისტრი სულ მცირე ერთხელ უნდა იყოს ჩასული კიევში, საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკოკინებს კი არ აკვირდებოდეს წნორში - ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ვარშავასა და ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს ვიზიტზე უნდა მართავდეს, ბაქოსა და ანკარას შორის სიარულში ღამეებს უნდა ათენებდეს ვიცეპრემიერი, ეკონომიკის და თავდაცვის მინისტრები. პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტს უნდა არწმუნებდნენ, რომ დროზე შეიწყალოს გვარამია, რათა 12 პუნქტის შესრულებისკენ ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ და ასე შემდეგ - მაგრამ შულავერის ახალი, ანუ ივანიშვილის რუსული კომიტეტი ამას არ და ვეღარ იზამს - მას მხოლოდ დამონებული ხალხის პოლიქრონიონის მოსმენა უნდა. მათე კირვალიძის მწვავე ვლოგი.
ივანიშვილის შულავერის კომიტეტი - დროება
24 ივლ 202220:17
3 წუთის საკითხავი