სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრის, დაკავებული ივერი მელაშვილის ცოლი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირებას შეეწირა. თამარ სულაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ მიმდინარე პროცესების უკან პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.
მას სიმართლის გარკვევის იმედი აქვს და აცხადებს, რომ ცილისმწამებელ ადამიანებს პასუხი მოეთხოვებათ.
"ბრალდება აბსურდულია. ეს არის დიდი სპექტაკლი, რომელსაც დიდი ხანია დგამდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომისია შეცვალეს, გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაცას აპირებდნენ.
ამდენი ხნის განმავლობაში, 8 წელია ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, თუ რაიმე იყო შეცდომა, ნუთუ მაშინ ვერ ნახეს? ქართულ ოცნებას უნდა, რომ გააშავოს ნაციონალები, რათა ხალხს ეგონოს, რომ ნაციონალები ყიდდნენ მიწებს. ამ სცენარის განხორციელება უნდოდათ ალბათ არჩევნების წინ 2 კვირით ადრე, მაგრამ გვარამიამ გააჟღერა ტელევიზიით და იძულებულები გახდნენ, რომ ცოტა ადრე განეხორციელებინათ საქმე. მათ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაცია უნდათ. პირდაპირ იმათთან ვერ მიდიან და ესენი გაწირეს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამ დრომდე არავინ არ დაგვკავშირებია", - განაცხადა ივერი მელაშვილის ცოლმა თამარ სულაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საჯაროდ ვერ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რას ეკითხებოდა მათ გამოძიება.
ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, "შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს".
ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.