logo
ENG



იმნაძე: მაცივრების პრობლემა საერთოდ არ არსებობს, დღესვე მივიღებთ Pfizer-ის 200 000 დოზას

11 იან 202114:33
3 წუთის საკითხავი
clock 4102
იმნაძე: მაცივრების პრობლემა საერთოდ არ არსებობს, დღესვე მივიღებთ Pfizer-ის 200 000 დოზას

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძისგან განსხვავებით, ამბობს, რომ საქართველო მზადაა ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად, -80 გრადუსიანი მაცივრების პრობლემა "საერთოდ არ არსებობს" და ქვეყანას დღესვე შეუძლია Pfizer-ის ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღება:

"ჩვენ მზად ვართ ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად, ამაზე რომ მოიხსნას ყოველგვარი კითხვები. ჩვენ გვაქვს -80 გრადუსიანი მაცივრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ამის პრობლემა საერთოდ არ არსებობს. დღესვე მივიღებთ 200 ათას დოზას ფაიზერის ვაქცინას", - თქვა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ცერცვაძის მიერვე ნახსენებ ჩინური წარმოების ვაქცინაზე კი პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში იმ ვაქცინას შემოიტანენ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და შესაბამისი მარეგულირებლების მიერ იქნება დაშვებული:

"ჩვენთან არსებობს კანონი, რომლითაც გათვალისწინებულია, რომ ჩვენ შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ან ე.წ. აღიარებითი რეჟიმით, ამაში არის დაახლოებით 35 ქვეყანა, მაგალითად ევროპის ქვეყნები, შეერთებული შტატების FDA, ავსტრალიის მარეგულირებელი, რომლებსაც ექნებათ აღიარებითი რეჟიმით  შემოტანა. ეს არის ქართული მოთხოვნები. ამიტომ, ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმო-ს ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი იქნება", - განაცხადა იმნაძემ.

გასულ დღეებში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან მათი შენახვის ტემპერატურია -80 და -20 გრადუსია, რაც ქვეყნისთვის მიუწვდომელია და მათი ყველა რაიონში დისტრიბუციის საშუალება არ არის.

ცერცვაძის თქმითვე, საუბარია საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზე - ერთი AstraZeneca-ა, მეორე კი ჩინური წარმოების ვაქცინა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და საქართველოს მზაობის შესახებ უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.


close დახურვა