დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილმე პაატა იმნაძემ სგანგებო ბრიფინგზე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
იმნაძემ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი ოჯახის წევრებსაც კი უნდა ერიდნონ.
„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში დღეს არის დაინფიცირების შემთხვევები და ეს ცოტა არაა, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. ისინი ჩვენს გვერდით არიან. ამიტომ, დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერ ადამიანი, რომელიც თავისი ოჯახის გარეთ სხვა სივრცეში ხვდება, არის საფრთხეში.
დღეს აუცილებელია, მოვერიდოთ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა უნდა გააგრძელონ აუცილებელი სამსახური, მერე უნდა მოერიდონ ოჯახის წევრებსაც კი. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს. სხვა გზა არ არის. სხვანაირად ვერ დავამარცხებთ ამ დაავადებას. გავითვალისწინოთ ახალი რეგულაციები“, - განაცხადა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 494 ადამიანი.