დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს თუ რატომ მიიღო ზოგიერთმა ქვეყანამ ვაქცინა საქართველოზე ადრე და აღნიშნავს, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველო დაბალშემოსავლიან ქვეყნად აღარ ითვლება.
როგორც იმნაძემ მაესტროს ეთერში განაცხადა, ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც დაბალშემოსავლიანებად ითვლებიან, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ქვეყანა თვითონ იფინანსებს ვაქცინების შესყიდვას.
"რატომ მიიღო ზოგიერთმა ქვეყანამ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ შემთხვევაში ის, რომ საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად, საშუალოში გავდივართ და ჩვენ თვითონ ვიფინანსებთ ჩვენს თავს, და არა, გვეხმარება იგივე კოვაქსი. ანუ არის ქვეყნები, რომლებიც თვითდაფინანსებაზეა კოვაქსის პლატფორმაზე, მაგალითად, საქართველო, და არის ქვეყნები, რომლებიც ითვლებიან დაბალშემოსავლიან ქვეყნებად, რომლებსაც კოვაქსი თვითონ აწვდის.
ამ შემთხვევაში, იმან, რომ საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ ჩვენ უფრო, და არა დაბალშემოსავლიანში, შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, იმიტომ, რომ პირველ რიგში დაბალშემოსავლიანებს გადასცეს...", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
24 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის ასეულობით ათას დოზას მარტის ბოლოს მიიღებს, თუ მწარმოებლებმა არ დააღალატეს.
გამყრელიძის განცხადებით, ფაიზერმა და მოდერნამ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება ვერ შეასრულეს და სწორედ ამიტომ დაუგვიანდა საქართველოს მათ მიერ წარმოებული ვაქცინების მიღება.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლოს შეპირებულ ვაქცინას საქართველო მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში კონსულტაციები იგეგმება კოვაქს პლატფორმას, ფაიზერსა და საქართველოს შორის, რათა განსაზღვრონ თარიღის მიღების დრო.