logo
ENG



ინსპექტორი: ვთხოვთ ყველა დაინტერესებულს, დაესწრონ სამსახურის გაუქმების განხილვას

28 დეკ 202110:35
3 წუთის საკითხავი
 
ინსპექტორი: ვთხოვთ ყველა დაინტერესებულს, დაესწრონ სამსახურის გაუქმების განხილვას

ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, დაესწრონ პარლამენტის კომიტეტში მათი სამსახურის გაუქმების ბშესახებ კანონპროექტის განხილვას. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთვის დღეს გახდა ცნობილი რომ საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს პარლამენტისგან ცნობილი გახდა, რომ დღეს, 2021 წლის 28 დეკემბერს, 10:30 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას", - წერია სამსახურის განცხადებაში. 

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო". 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.

 


close დახურვა