logo
ENG



ინსპექტორი: მნიშვნელოვანია მოშიმშილე პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა

06 ნოე 202120:19
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებული კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

ამის პარალელურად, ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

"თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - წერია უწყების განცხადებაში. 

დღეს, 6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მოშიმშილე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კვებაზე შთაბეჭდილების შესაქმნელად ფოტო/ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.

კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს. ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ იგი საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს. 

პენიტენციურმა სამსახურმა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მოტივით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.

ომბუდსმენის განცხადებით, საკვებ დანამატებს სააკაშვილს ციხის სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სახალხო დამცველის რწმუნებულები დღეს, 6 ნოემბერს რუსთავის ციხეში გაეცნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს და შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია მის შიმშილობაზე. 


close დახურვა