logo
ENG



იონათამიშვილი: პავილიონისის განცხადებები ხშირად რუსეთის ინტერესებს ემსახურება

29 ივლ 202114:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/29/t4tu1op14x8m5rh.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი პარტიის მიმართ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის "საქართველოს მეგობარი არ არის".

როგორც იონათამიშვილი Facebook-ზე წერს, "პავილიონისის განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის იდენტურია".

"რამდენიმე თვის წინ, როდესაც პავილიონისმა გაიმეორა ლავროვის სიტყვები და გვითხრა, რომ აფხაზეთი დავკარგეთ, რასაც, თურმე, უნდა შევეგუოთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებმაც მის ნაცვლად მოიხადეს ბოდიში. თავად პავილიონისს და მის მეგობარ ნაციონალირ მოძრაობას კი ხმაც არ ამოუღიათ. ახლა, ნაცების მეგობარი ჩვენ “გვარიგებს ჭკუას” მედიის თავისუფლებაზე. იმ პარტიის მეგობარი, ვინც სპეცნაზით იჭრებოდა დამოუკიდებელ მედიაში, რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებულ აზრზე და მოდელირებული ქრონიკით იწონებდა თავს…

როდესაც ფაქტებს ამახინჯებ, ეს სუბიექტურობაზე და მიკერძოებაზე  მიუთითებს. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში (როგორც არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ) ქვეყანაში დაუბრკოლებლად მაუწყებლობს მინიმუმ 5 ოპოზიციური ნაციონალური მაუწყებელი, არაერთი ბეჭდური თუ ონლაინ მედია და უმაღლესი სტანდარტით არის დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ან ქართული დემოკრატიის მტერია, ან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აღიქვამს საფრთხედ. ფაქტია, რომ პავილიონისის სახით ნაცმოძრაობას და ოკუპანტ ქვეყანას საერთო გარესპიკერი ყავთ", - წერს იონათამიშვილი.

პავილიონისი ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ფორმულასთან საუბრისას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას გადახედავს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ურთიერთდაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გუშინ, 28 ივლისს გამოაცხადა. მმართველი გუნდი უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

დღეს, 29 აპრილს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა

მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  

გუშინ, 28 ივლისს, ქართული ოცნების დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ შემდეგ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა


close დახურვა