logo
ENG



იონათამიშვილი გარეჯის საქმეზე: მოტივი საქმეში დევს, უბრალოდ, გამოძიება ამაზე არ საუბრობს

12 ოქტ 202016:09
3 წუთის საკითხავი
 
4biceczsktufppo.jpg

"როგორც ჩვენ ვიცით, საქმეში მოტივი არის, უბრალოდ, ჯერ ამაზე გამოძიება არ საუბრობს, ეს მნიშვნელოვანი დეტალია," - ეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ფორმულას კითხვის პასუხად თქვა.

კითხვა შეეხებოდა იმასაც, რამდენად სარწმუნოდ ეჩვენება ბრალდება, რაც კარტოგრაფებს აქვთ წაყენებული და თუკი მისთვის დამაჯერებელია, აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოქმედებდნენ თუ არა კომისიის წევრები. ამას იონათამიშვილი პირდაპირ არ პასუხობს. ამბობს, რომ არ იცის, მაგრამ კომისიის ყოფილი წევრების საქმიანობას ანტისახელმწიფოებრივად აფასებს.

"როგორც ჩვენ ვიცით, საქმეში მოტივი არის, უბრალოდ, ჯერ ამაზე გამოძიება არ საუბრობს, ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. კომისიის წევრების ქმედებები არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

იონათამიშვილს ამბობს, რომ მას კითხვები აქვს 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ აინტერესებს, რატომ ამოიღო ნაციონალურმა მოძრაობამ 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან მუხლი, რომელიც სახელმწიფო ღალატს ეხებოდა. 

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურას ჯერ არ უთქვამს თუ რა მოტივით მოქმედებდნენ მელაშვილი და ილიჩოვა.

9 ოქტომბერს, დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ განაცხადა, რომ კარტოგრაფიული რუკის მოძიებაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. მისი თქმით, დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა მამა კირიონმა დახმარებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, შემდეგ კი ორიგინალი რუკის მოძიების საქმეში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და დავით ხიდაშელს დაუკავშირდა, რომელმაც რუკის ორიგინალი მოიძია.

დავით ხიდაშელზე, რომელსაც დეკანოზი ახსენებს, ფორმულა საუბრობდაგიორგი თარგამაძის ფორმულას წყაროს ცნობით, ის ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ პროკურატურას მიაწოდა და რის საფუძველზეც დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, უწყებამ რუსეთიდან მოიპოვა. წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რუკები სწორედ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.

რა ვიცით დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების საქმეზე, წაიკითხეთ აქ.

რას ამბობს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში დავით ხიდაშელი - ნახეთ აქ


close დახურვა