logo
ENG



იონათამიშვილი კუპრაძის მიერ პატრიოტების ბანერის ჩამოხსნაზე: ლელოც გადაპოპულისტდა

29 აგვ 202021:45
3 წუთის საკითხავი
 
09l9et6kyb03z5k.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ლელოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის ბექა კუპრაძის მიერ პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო ბანერის, სადაც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად იყო გამოსახული, ჩამოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ლელომ პოპულისტური ნაბიჯი გადადგა.

იონათამიშვილმა პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ბანერების გაკვრაც შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ე.წ. პატრიოტთა ალიანსის მხრიდან საბოტაჟია.

"ლელოც გადაპოპულისტდა. ბათუმის მერიას პატრიოტების ერთი ბანერი უკვე მოხსნილი ჰქონდა და მეორეს ხსნიდა, სადაც სხვა სუპერპოპულისტ პარტიებს ლელომ მიასწრო, გვერდითა ბოძზე აძვრა და ნიუსები გაავრცელა, - ჩვენ მოვხსენითო. არა და მდინარაძემ წინასწარ თქვა, მერია კი ხსნის, მაგრამ ესენი მაინც გარბიან და საინტერესოა, რომელი მიასწრებსო...

თავად ფაქტს რაც შეეხება, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის და ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია ე.წ. პატრიოტთა ალიანსის მხრიდან", - წერს დეპუტატი.

ცნობისთვის, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში სამართლიანი არჩევნების იურისტმა ნინო რიჟამაძემ დღეს, 29 აგვისტოს გაავრცელა. პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!".

ლელოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ, პარტიის აქტივისტებთან ერთად, გონიოში განთავსებული ბანერი ჩამოხსნა და განაცხადა, რომ ეს პატრიოტთა ალიანსის მხრიდან მოღალატეობრივი საქციელი იყო.

ამავდროულად, პატრიოტთა ალიანსის ბანერები ბათუმის მერიამაც ჩამოხსნა და ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოქმები ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით გადაიგზავნა.

თურქოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული პატრიოტთა ალიანსი უკვე წლებია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ანტითურქულ პროპაგანდას ავრცელებს. 

 


close დახურვა