ის, რაც ცალსახად გასაგებია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ვერ ამჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მმართველ პარტიაში, გიგი უგულავას დაპატიმრებაში ისინი პოლიტიკური დევნის ნიშნებს ვერ ხედავენ. მათი აზრით, ოპოზიცია ამ საკითხზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებით, საქმის არსიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.
მმართველი პარტიის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს. მისივე მტკიცებით უგულავა დამნაშავეა და მან დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს. რაც შეეხება უგულავას საქმეზე საერთაშორისო გამოხმაურებებს, იონათამიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული და მას შემდეგ, რაც ისინი ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან მათი მხრიდან შეფასებებიც უფრო ობიექტური იქნება.
„ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას. ცდილობენ, რომ ვისაუბროთ პროცედურულ ნაწილზე ინტერპრეტაციით, მაგრამ აქ მთავარი თემა ის არის, რომ 48 მილიონი ლარის გაფლანგვაზე არის საუბარი, ეს თანხა ეკუთვნის ხალხს სახელმწიფოს და ცხადია არც 48 მილიონის და არც 48 ლარის გაფლანგვა დარჩება ისე. ჩვენ ვნახეთ ცალკეული ამერიკელი კოლეგების განცხადებები მაშინ როდესაც ეს განცხადებები გაკეთდა სუბიექტურად მიწოდებული ინფორმაციის ხარჯზე, ასევე ვნახეთ ობიექტურად მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ როგორ შეიცვალა მათი განცხადებები, აქაც მსგავს საკითხებთან გვაქვს საქმე და უფრო აქტიური თანამშრომლობით ჩვენ მივიღებთ შესაბამის და ობიექტურ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიციამ განაცახდა, რომ ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს წყვეტენ.
მმართველ გუნდში მოლაპარაკებების პროცესის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ. იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში ჩიხში იყვნენ და მათ არ ჰქონდათ იმის სურვილი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო.
„ჩვენ ვნახეთ და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ ჩიხში შესული, მათ არ ჰქონდათ იმის სურვილი, რომ შემდგარიყო კონსესუსი და ეძებდნენ მიზეზს იმისთვის, რომ რადიკალური განცხადებები გაეკეთებინათ. წინასწარ ჰქონდათ ეს სცენარიც რომ უარი ეთქვათ მოლაპარაკებებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მე მათ, რომ კონსესუსი ეს არ არის ცალმხრივი პროცესი ეს არის თითიეული ჩვენგანის ვალდებულება და ამასთან სხვა ნებისმიერი საკითხის მიბმა არის უპასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე“,-განაცხადა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.