logo
ENG



იოსელიანი: სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა გრიგორიადისი

31 მარ 202323:57
3 წუთის საკითხავი
 
იოსელიანი: სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა გრიგორიადისი
ფოტო: ვახო ქარელი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მისმა წარმომადგენელმა დაკავებულ აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. როგორც იოსელიანი აცხადებს, ომბუდსმენის აპარატი საქმეს ზედამხედველობას გაუწევს.

"სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე.

სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს", - წერს იოსელიანი ფეისბუქზე.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა