სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ეცნობა ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას, თუმცა არ იცის, რა ეტაპზეა ახლა გამოძიება.
"ჩვენ გამოძიება მიმართული გვაქვს იმისთვის, რომ მოგვცენ საშუალება, ვნახოთ გამოძიების მიმდინარეობა. ამიტომ, ამ ეტაპზე არ ვიცი, თვითონ გამოძიება რა საპროცესო მოქმედებებს ასრულებს. ყოველ შემთხვევაში, როგორც კი ჩვენ გვექნება რაღაც დაგროვილი ინფორმაცია ამ საქმის გარშემო, რა თქმა უნდა, ამის შესახებ საჯაროდ საზოგადოებას გავაცნობ", - ამბობს სახალხო დამცველი.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.