ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას მის ფსიქიკურ მდგომარეობას სალანძღავად იყენებს. კობახიძე ამბობს, რომ "არავითარი ოფიციალური დიაგნოზი არ არსებობს".
კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები "ზოგადად ჰქონდა".
"ამ ფსიქიკური პრობლემებით იგივე ადამიანები ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. იგივე ადამიანები, რომლებიც ამ ფსიქიკური პრობლემებით ირჩევდნენ სააკაშვილს პრეზიდენტად, დღეს ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ მის გათავისუფლებას, რასაც არ აქვს საფუძველი. ფსიქიკის პრობლემები ჩვენ ვიცოდით დიდი ხანია, ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი დიდი ხანი, დღეს არის პატიმარი და პატიმრად დარჩება. თუ გართულდება ეს ფსიქიკური პრობლემები შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი პატიმრობასაც მოახერხებს", - თქვა კობახიძემ.
სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მკურნალობისთვის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და აქციებს აანონსებს.