logo
ENG



ირაკლი კობახიძის ბრალდებების შემდეგ სუს-ში ოპოზიციის დამკვირვებლები დაიბარეს

06 ნოე 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შემდეგ სუს-ში საარჩევნო დამკვირვებლები დაიბარეს. საქმე ეხება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის განცხადებებს "ოპოზიციის პროვოკაციული" გეგმების შესახებ. როგორც 30 ოქტომბერს გახდა ცნობილი, კობახიძის განცხადებების საფუძველზე შსს-მ "ფაქტების შესწავლა" დაიწყო.

როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი ჰყვება, მისთვის უცნობია კობახიძის ბრალდების შინაარსი ოპოზიციის მხრიდან "რევოლუციური სცენარის" მოწყობაზე.

აკაკი გურჯიშვილის თქმით, კენჭისყრის პროცესს ამერიკის მხარდამჭერთა ლიგიდან აკვირდებოდა. მას აქვს ცესკო-ს მიერ გაცემული მოწმობაც. გურჯიშვილი ირწმუნება, რომ ის არც დევი ჭანკოტაძეს და არც დიმიტრი შაშკინს არ იცნობს. 

"ნაცნობობაც არ გამაჩნია. იქ ვინც იყო ხალხი, არავისთან ნაცნობობა არ მქონია. ერთდაერთი, ჩემი მეზობელი იყო. არ ვიცი ვინაა და რა არის, სავარაუდოდ, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერია. მე მქონდა დავალება მეკონტროლებინა ეზოს შიგნითა პერიმეტრი, რომ არ მომხდარიყო აყალმაყალი, ჩხუბი არეულობა, გაუგებრობა",-ამბობს აკაკი გურჯიშვილი.

რაც შეეხება დიმიტრი შაშკინსა და დევი ჭანკოტაძეს, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასთან ერთად სწორედ ისინი დაასახელა "რევოლუციური სცენარის" ორგანიზატორებად, თუმცა ჯერჯერობით სუს-ში დაბარებულები არ არიან. როგორც ჭანკოტაძე აღნიშნავს, ნებისმიერ შემთხვევაში დაკითხვა უნდა მოხდეს სასამართლოს წესით.

"ჩვენ არ ვენდობით სუს-ს, ამიტომ ყველა დაბარებაზე მოვითხოვთ ადამიანების დაკითხვა მოხდეს სასამართლოს წესით. ირაკლი კობახიძე მომსახურების ზონიდანაა გასული, დროზე დაბრუნდეს, მიხედოს მოსახლეობას, დანიშნოს ვადამდე არჩევნები და ღირსეულად წავიდეს პენსიაზე",-თქვა დევი ჭანკოტაძემ.

ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომლის თანახმადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები "რევოლუციური სცენარისთვის" ემზადებიან, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრალდებაში დანაშაულების შემადგენელი ნაწილი არ არსებობს. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გუშინ, 5 ნოემბერს იმყოფებოდა. უწყებას არ დაუკონკრეტებია, რის გამო დაიბარეს კობახიძე, თუმცა სავარაუდოდ, საქმე ეხება მის მიერ არჩევნებამდე 1 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებას რომელშიც კობახიძემ ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ "პროვოკაციებზე" ისაუბრა. მისივე თქმით, დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიას არჩევნებისთვის მობილიზებული ჰყავდათ ელექტროშოკებითა და ხელკეტებით შეიარაღებული პირები.

 


close დახურვა