logo
ENG



ირანი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს

09 ოქტ 202311:22
3 წუთის საკითხავი
 

ირანი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს. ამის შესახებ გაეროში ირანის წარმომადგენელმა განაცხადა.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ არ ვმონაწილეობთ პალესტინის საპასუხო ქმედებებში", - თქვა ირანული მისიის წარმომადგენელმა.

გამოცემა The Wall Street Journal-მა ჰამასისა და ჰეზბოლას წევრებზე დაწერა, რომ ისრაელზე მასშტაბურ თავდასხმას „მწვანე შუქი“, სავარაუდოდ, ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მისცეს.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ პალესტინელ ტერორისტებს მიულოცა და თავდასხმას გამარჯვება უწოდა. ამის შესახებ ირანის ლიდერმა თეირანში, მინისტრთა კაბინეთის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.


close დახურვა