ისრაელი თავის მოქალაქეებს ეგვიპტისა და იორდანიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
"ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა", - ნათქვამია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.
ამასთან, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ მაროკოში მოიგზაურობისგანაც.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.