logo
ENG



ისრაელის თავდაცვის მინისტრი: გადავდივართ სრულ შეტევაზე, ღაზა აღარასდროს იქნება ის, რაც იყო

10 ოქტ 202321:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/vac9vi3harlfmn8.jpg

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე სრულ შეტევაზე გადადის. ამის შესახებ მან ღაზის სექტორის საზღვარზე მყოფ სამხედროებს განუცხადა.

"მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ რეალობა. ჩვენ ვნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებას.

ჰამასს სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180 გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ელოდნენ... ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს არ დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

***

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში. 

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

 

 

 


close დახურვა