ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის ცნობით, ღაზის სექტორში 222 ადამიანია მძევლად აყვანილი.
ჰაგარის თქმით, ისრაელის სამხედრო უწყებამ უკვე მიაწოდა ინფორმაცია გატაცებულების ოჯახებს.
"ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს ტყვეების გასათავისუფლებლად და ოჯახებში დასაბრუნებლად", - განაცხადა მან.
ჰამასმა 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს მძევლები აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა. ის დაემუქრა მძევლების მოკვლით, თუ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაფრთხილების გარეშე დაიბომბება.
22 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენელმა თქვა, რომ მძევლების გათავისუფლებისთვის მზად არიან, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.