ისრაელის ძალებმა პალესტინური ისლამური ჯიჰადის სამხედრო ჯგუფის მეორე მეთაური ხალედ მანსური მოკლეს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის 32 პალესტინელია დაღუპული, მათ შორის 6 ბავშვია და 200-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი.
დღეს ღაზას სექტორიდან გაშვებულმა პალესტინის რაკეტებმა 2021 წლის კონფლიქტის შემდეგ პირველად მიაღწიეს იერუსალიმამდე.
პალესტინამ ისრაელი მას შემდეგ დაბომბა, რაც ისლამური ჯიჰადის მაღალი რანგის მებრძოლი ხალედ მანსური სამხრეთ ღაზაში, რაფაჰის დევნილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
მეთაური მანამდე ისრაელის ჯარის მხრიდან მკვლელობის 5 მცდელობას გადაურჩა. ისრაელი მას ღაზას მიღმა სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში სდებდა ბრალს.
ისრაელი აცხადებს, რომ პალესტინის წინააღმდეგ ოპერაცია პალესტინის ისლამური ჯიჰადის ჯგუფის მხრიდან მყისიერი საფრთხის გამო დაიწყო.
უახლესი დაპირისპირება არის ყველაზე მასშტაბური ისრაელსა და ღაზას შორის 2021 წლის მაისის 11-დღიანი კონფლიქტის შემდეგ. 2021 წლის კონფლიქტის შედეგად 200-ზე მეტი პალესტინელი და 12 ებრაელი დაიღუპა.
ისრაელის ჯარი აცხადებს, რომ უახლესი ოპერაცია შესაძლოა 1 კვირა გაგრძელდეს.
პარასკევიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ის შენობა დაბომბა, სადაც ისლამური ჯიჰადის მეთაური ტეისი ალ-ჯაბარი იმყოფებოდა, პალესტინიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 600 რაკეტა ისროლეს.