ისრაელმა 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა სავარაუდო რიცხვი დააზუსტა და 1400-დან 1200-მდე შეამცირა. ამ მონაცემებში შედიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიორ ჰაიათმა.
ჰაიათის თქმით, ამჟამინდელი შეფასება არ არის საბოლოო, რადგანაც ზოგიერთი ცხედარი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არაა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
საჰაერო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლებმა გაარღვიეს ღაზის კედელი და სხვადასხვა გზით, მათ შორის პარაპლანებით, ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამ დროს ღაზის საზღვართან ახლოს მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა. ჰამასელები თავს დაესხნენ ფესტივალის სტუმრებს, შეიჭრნენ კიბუცებში. გზადაგზა კი კლავდნენ და მძევლათ აჰყავდათ ადამიანები.
ბოლო მონაცემებით, ჰამასმა ღაზაში 240-მდე მძევალი გადაიყვანა, მათ შორის არიან როგორ ისრაელის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.