logo
ENG



ისტორიაში პირველად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი გადააყენა

04 ოქტ 202308:40
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ისტორიაში პირველად სპიკერი გადააყენა. რესპუბლიკელ კევინ მაკარტის მისივე პარტიიდან კონსერვატორი რესპუბლიკელების მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა, ხოლო დემოკრატიული პარტია თავისი ხმებით მათ ლიდერის გადაყენებაში დაეხმარა.

კევინ მაკარტის გადაყენებას მხარი დაუჭირა 216-მა კონგრესმენმა, მათ შორის იყო 8 რესპუბლიკელი, წინააღმდეგი კი იყო 210.

რესპუბლიკურ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 221 მანდატი აქვს, დემოკრატიულ პარტიას - 212.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მაკარტის მემკვიდრე. ქვედა პალატის დროებით სპიკერად კი ჩრდილოეთ კაროლინის კონგრესმენი, პატრიკ მაკჰენრი დანიშნეს. 

კევინ მაკარტის შუამავლობით შაბათს კონგრესში დროებითი ბიუჯეტის პროექტი მიიღეს, რითაც ქვეყანასა და დემოკრატი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. შათდაუნი აარიდა. ამან კი რადიკალი თანაპარტიელების რისხვა გამოიწვია. ერთ-ერთმა მათგანმა, კონგრესმენმა ფლორიდიდან მეტ გეტცმა სპიკერის გადაყენების პროექტი შეიტანა.

ორშაბათს მეტ გეტცმა, ტრამპის მოკავშირემ იშვიათი პროცედურული ინსტრუმენტი გამოიყენა, რომელიც ცნობილია, როგორც გადაყენების შუამდგომლობა. მან პალატის სპიკერი თეთრ სახლთან საიდუმლო გარიგებაში დასდო ბრალი, რომელიც, მისი აზრით,  ბიუჯეტის განხილვის ფონზე უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების დაპირებას მოიცავდა. მაკარტი ამას უარყოფს.

ხმის მიცემის შემდეგ მაკარტიმ განაცხადა, რომ გეტცის მოტივები არაფრით არ უკავშირდება ბიუჯეტს და ის უბრალოდ პოპულარობის მოპოვებას ცდილობს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სპიკერობისთვის კენჭისყრას აღარ აპირებს.

კევინ მაკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად იანვარში აირჩიეს და ამას კენჭისყრის 15 რაუნდი დასჭირდა, რადგანაც გეტცი და სხვა რადიკალი რესპუბლიკელები უარს ამბობდნენ მის მხარდაჭერაზე.

მაკარტის გადაყენების მომხრეებს შორის იყო რესპუბლიკელი ნენსი მაისი, რომელიც ზომიერ რესპუბლიკელად მიიჩნევა.

"მე ვეძებ სპიკერს, რომელიც სიმართლეს ეტყვის ამერიკელ ხალხს, რომელიც იქნება გულწრფელი და სანდო კონგრესთან, ორივე პარტიისთვის", - განაცხადა კონგრესმენმა.

პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა კოლეგებისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ მაკარტის გადასარჩენად ხმებს არ უზრუნველყოფდა.


close დახურვა