logo
ENG



იტალიაში სამედიცინო პერსონალისთვის აცრა სავალდებულო გახდა

06 აპრ 202112:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/06/eoeyjscyjpobivj.jpg

იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამედიცინო პერსონალისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება მთავრობამ პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ანტივაქსერულ სენტიმენტებთან ბრძოლის მიზნით მიიღო. 

იტალიაში ანტი-ვაქსერული მოძრაობა მზარდი პრობლემაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალის ნაწილის მხრიდან ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსის აფეთქება მოხდა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვირუსის შედეგად 110 000 ადამიანია გარდაცვლილი.  

გასულ კვირას მიღებული განკარგულებით, რომელიც პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ დაამტკიცა, ჯანდაცვის ყველა მუშაკისთივს, მათ შორის, ფარმაცევტებისთვისაც, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. აცრის არგაკეთების შემთხვევაში, დასაქმებული, შესაძლოა, მიმდინარე წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე დაითხოვონ. 

"გატარებული ზომების მიზანია, რაც შეიძლება მეტი მუშაკი დავიცვათ მედიცინის და მის მომიჯნავე სფეროებში", - განაცხადა იტალიის მთავრობამ. 

განკარგულება ასევე სამართლებრივ გარანტიებს სთავაზობს ვაქცინაციის ადმინისტრირებაში ჩართულ ადამიანებს, რაც ექთნებისა და ექიმების მოთხოვნით მიღებული ზომაა მას შემდეგ, რაც სიცილიაში აცრის შედეგად მამაკაცის გარდაცვალების გამო, ვაქცინაციის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის მიმართ გამოძიება აღიძრა. 

იტალიაში ვაქცინაციის პროცესი დეკემბრის მიწურულს დაიწყო და ამ დრომდე, დაახლოებით, 3.1 მილიონი მოსახლე უკვე ვაქცინის ორივე დოზით არის აცრილი. 


close დახურვა