logo
ENG



იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან, მიგრანტების ნავში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

16 სექ 202321:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/16/xu3rnjcx7m1oj5l.jpg

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან, მიგრანტების ნავში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს.

სააგენტო Ansa-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, დედამ ბავშვი ჩრდილოეთ აფრიკიდან მოგზაურობისას გააჩინა. გაზეთი Corriere Del Mezzogiorno კი აღნიშნავს, რომ მშობიარობის დაწყების შემდეგ ქალს ნავზე სხვა მგზავრები დაეხმარნენ. ბავშვის ცხედარი თეთრ კუბოში ჩასვეს და ლამპედუზას ერთ-ერთ სასაფლაოზე გადაიტანეს.

BBC წერს, რომ ბოლო სამ დღეში ლამპედუზაში 8 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. კვირის დასაწყისში იმავე კუნძულთან ხუთი თვის ბავშვი დაიხრჩო სამაშველო ოპერაციის დროს, როდესაც ზღვაში ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრანტების გადამყვანი ნავი ჩაიძირა.

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ მიგრანტების შემოდინების გაზრდის ფონზე ქვეყანა "არამდგრადი ზეწოლის" ქვეშაა.

მიმდინარე წელს იტალიაში თითქმის 126 ათასი მიგრანტი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

მელონი ევროკომისიის პრეზიდენტს მოუწოდებს, "პირადად გააცნობიეროს სიტუაციის სერიოზულობა" და დააჩქაროს ტუნისთან შეთანხმების რეალიზაცია.

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ტუნისი გამგზავრების ძირითადი პუნქტია მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. საპორტო ქალაქი სფაქსი ლამპედუზადან დაახლოებით 130 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და პოპულარული გასასვლელია მათთვის, ვინც ევროპაში უსაფრთხოებასა და უკეთეს ცხოვრებას ეძებს.

ევროკავშირის შეთანხმება, რომელიც ივლისში გაფორმდა, 110 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს კონტრაბანდის შესაჩერებლად, საზღვრების გასაძლიერებლად და მიგრანტების დასაბრუნებლად.

ლამპედუზაზე მიგრანტების ზრდამ ადგილობრივების პროტესტიც გამოიწვია. შაბათს მათ აქციაც მოაწყვეს და მიგრანტების გათავსებისთვის ახალი კარვების ბანაკი გააპროტესტეს.


close დახურვა