logo
ENG



კალაძე: ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც საცობში იდგა, თქვენ ადგილზე, მეც ეგ განწყობა მექნებოდა

05 აგვ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 
e3a9g2b6tvxk793.jpg

თბილისის მერი, კახა კალაძე, ბოდიშს უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელთაც  ჭავჭავაძის გამზირზე საცობში დროის გატარება მოუწიათ და იქვე აღნიშნავს, რომ რეფორმა "სასიცოცხლოდ აუცილებელია".  ამის შესახებ მან დღეს, 5 აგვისტოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა:

"მე მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და რაღაც დროით მოუწიათ საცობში დგომა. მეც გადავაადგილდები ქალაქში და თქვენ ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის", - თქვა მან.

თბილისის მერის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმა ქალაქისთვის უალტერნატივოა, რადგან ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება:

"ყოველწლიურად იზრდება ავტომობილების რაოდენობა, ქალაქს ვერ გავბერავთ, დამატებით ვერაფერს ვერ გავაჩენთ, გზების გაფართოება არ არის გამოსავალი, შესაბამისად, რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, უალტერნატივოა და ერთადერთი გზა იმისა, რომ ეს არსებული პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდეს. ამის შედეგებს დღეს და ხვალ ვერ დავინახავთ. მე შეიძლება გავილანძღო, მაგრამ ამ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. [...] მეც მყავს კერძო ავტომობილი, მეც მყავს ჯიპი და ჩვენ არ ვებრძვით კერძო ავტომობილებს, ამ რეფორმით ყველას გადაუნაწილდება მიმართულებები. მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს კვლევები და ყველგან იქნება ეს პროექტები", - თქვა დედაქალაქის მერმა.

1-ლი აგვისტოდან ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა სპეციალურ ზოლში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. ახალი სქემის ამოქმედებამ საცობები გამოიწვია.


close დახურვა