logo
ENG



კალაძე: ენმ-ის წევრები დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს ფლობენ, მზად ვართ, საჩუქრად მივიღოთ

06 ოქტ 202013:38
3 წუთის საკითხავი
 

თბილისი მერის კახა კალაძის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის.

მერმა ამის თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს აბსურდული უწოდა და თქვა, რომ მერია მზად არის საჩუქრად მიიღოს ის ტერიტორიებიც, რომლებსაც დიღმის ტყე-პარკში ნაციონალური მოძრაობის წევრები ფლობენ.

"არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება ეს არ არის. მეტსაც გეტყვით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს ტერიტორიები საჩუქრად, არანაირი კანონდარღვევა არ არის ამაში, გადმოგვცენ, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის და იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ იქ შემდეგ მათ პროექტის განხორციელებისთვის ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენ თავზე ავიღებთ და მუნიციპალიტეტი განახორციელებს დიღმის ტყე-პარკში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას", - თქვა კალაძემ.

თბილისის მერმა გუშინ, 5 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ფონდი ქართუ თბილისის მუნიციპალიტეტს "უსასყიდლოდ გადასცემს" ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ბიძინა ივანიშვილი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად შეაფასეს.

ამასთან, დღეს, 6 სექტემბერს, ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა დედაქალაქს იპოდრომის მხოლოდ ის ნაწილი დაუბრუნა, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამომგებიანია. მისი თქმით, იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 80 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, მმართველი გუნდის ლიდერმა თავისთვის დაიტოვა.

აბესაძემ შესაძლო ფულის გათეთრების ფაქტზეც ისაუბრა. მან მიმდინარე წლის ივნისში განხორციელებული ფინანსური ოპერაცია გაიხსენა, როდესაც ფონდმა ქართუმ ივანიშვილის კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორია 60 მილიონ ლარად გამოისყიდა.


close დახურვა