logo
ENG



კალაძე: მგონი არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია

21 სექ 202123:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/21/4xilej23acy8zxx.png

მერობის კანდიდატების დებატებზე კახა კალაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიასთვის "ნარკომანობა არავის დაუბრალებია". 

მას გიორგი გახარიამ ჰკითხა, იზიარებს თუ არა მისი თანაგუნდელების მხრიდან მის მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს: ნაკოტიკების მოხმარებას, მოღალატეობას და მიხეილ სააკაშვილთან კავშირებს. 

პასუხად კალაძემ თქვა: 

"ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენს საქციელს, მე პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი - არ მომეწონა ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო, როცა კითხვა ისმება გიორგი გახარიაზე. მე, პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. თბილისმა გადაწყვიტოს". 

ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ გიორგი გახარია ნარკოტიკებს მოიხმარს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კოკაინის მოხმარება პარტიის დატოვების შემდეგ დაიწყო. რამდენიმე დღით ადრე კობახიძემ ისიც თქვა, რომ გახარია "კოკაინშიკია".

ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად "სუფთაა" და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდა, რის შემდეგაც მან, ნარკოტესტის ჩასაბარებლად ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. 17 სექტემბერს გახარიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გააასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ნარკომომხმარებელი არ არის. 

მოღალატეს გახარიას მას შემდეგ უწოდებენ, რაც ის 18 თებერვალს პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების მისთვის მიუღებელი გზები დაასახელა. 

ასევე, ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, გახარია ნაციონალური მოძრაობის თამაშს თამაშობს. 


close დახურვა