logo
ENG



კალაძე: მონაწილეობაზე უარის მიუხედავად, ოპოზიცია ამომრჩევლების მობილიზებაზე მუშაობს

20 ნოე 202017:11
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/20/om1tl8no4qpa4ta.jpg

კახა კალაძე მაჟორიტარულ ოლქებში ჩასატარებელ მეორე ტურებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მონაწილეობაზე საჯარო უარის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლების მობილიზებისათვის

"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილები იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლების მობილიზებისათვის

აქედან გამომდინარე, გვსურს მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში", - ამბობს კალაძე. 

მეორე ტურები ხვალ, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მეორე ტურებში მონაწილეობაზე, ისევე როგორც, საპარლამენტო მანდატების დაკავებაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, არჩევნების შედეგები მასშტაბური გაყალბების გამო, არალეგიტიმურია. 

არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ (TI) და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) განაცხადეს, რომ არჩევნებს ან ლიმიტირებულად, ან საერთოდ არ დააკვირდებიან. 

დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. 

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 

"მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს – ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ", - განაცხადა კალაძემ. 


close დახურვა