ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მისთვის ძალადობაა მიუღებელი და მნიშვნელობა არ აქვს, "ჟურნალისტი ძალადობს თუ ბერი". ასე გამოეხმაურა იგი სასულიერო პირის მხრიდან ფორმულას ჟურნალისტის უშვერად გინებას:
"რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი ძალადობს, პოლიტიკოსი ძალადობს თუ უბრალოდ, რიგითი მოქალაქე ძალადობს. ძალადობა არის თვითონ კატეგორიულად მიუღებელი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად, როგორც ფიზიკური ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობა, ამის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, თუ გვინდა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, თუ გვინდა, რომ ვიზრუნოთ მომავალზე, განვითარებაზე, სიმშვიდეზე და სტაბილურობაზე", - განაცხადა კახა კალაძე.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ მათთვის არასასურველი კითხვები ჟურნალისტების მხრიდან რესპონდენტებზე ძალადობაა. განსაკუთრებით უარყოფით განწყობებს ამჟღავნებენ ფორმულას, ტვ პირველის და მთავარი არხის მიმართ.
ანალოგიური მიდგომა აქვს საქართველოს საპატრიარქოსაც.
28 აგვისტოს ფორმულას ჟურნალისტზე თავდასხმას საპატრიარქო დღეს ძველი, 22 ივლისის განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომელი ტელევიზიებია მიუღებელი საპატრიარქოსთვის: ფორმულა, ტვ პირველი და მთავარი არხი.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლების და საპატრიარქოს ეს მიდგომები ახალისებს მედიაზე ძალადობას.