თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე დედაქალაქში არსებულ მუნიციპალურ ტრანსპორტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეტრო და ავტობუსები დედაქალაქში მოქალაქეების გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებენ.
კალაძის თქმით, მიკროავტობუსების გადაადგილება ყველაგან შეიზღუდება, მათ შორის თბილისი-რუსთავის მიმართულებით.
„ხვალიდან საქართველოში დროებით ჩერდება მირკოავტობუსების მოძრაობა. ეს გადაწყვეტილება სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული. მიკროავტობუსი ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებული საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ მომსახურებას მოსახლეობის. მიმდინარეობს მოლაპარაკება მიკროავტობუსების მენეჯმენტთან, რომ მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ ანაზღაურების გარეშე.
მუნიციპალურ ტრანსპორტში ხდება ყოველდღე დეზინფექცია. ხვალიდან ავტობუსებში მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის ორი უკანა კარებით. ხვალიდან დროებით შეჩერდება კონდუქტორების მუშაობა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას. მერია აქტიურად მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. ამას სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაციაც. ამ სიტუაციაში განსაკუთრებით მოგვეთხოვება დისციპლინა“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 18 მარტიდან საქართველოში მარშრუტკების მოძრაობა იკრძალება.