თბილისის მერი და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ ოჯახი და ტრადიციები ევროპელი სოციალისტების პარტიასთან (PES) წინააღმდეგობაში მოდის, მაშინ ამ პარტიაში მათ არაფერი ესაქმებათ.
კალაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მათი "ეს დამოკიდებულება გულდასაწყვეტია".
"ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის რითაც ვამაყობთ - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსული, ის ტრადიციები, ის ღირებულებები, რომელიც დაფუძნებულია მაგალითად ოჯახზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის და ჩვენ გვგონია და ვფიქრობთ, რომ ამ ღირებულებებით უნდა გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია და რასაც ამდენია წლის განმავლობაში ვაკეთებთ.
როდესაც ვისმენთ ჩვენ ამ ტიპის განცხადებებს, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება და მოდი, ვნახოთ, რაზე ისაუბრა პრემიერმინისტრმა და რაზე იყო კონკრეტული ყურადღება გამახვილებული, იყო ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე და თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პარტიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვესაქმება ამ პარტიაში, თუმცა ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ", - განაცხადა მან.
მან კვლავ გაიმეორა, რომ ანტიდასავლური განცხადება არასდროს გაუკეთებია.
8 მაისს, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ აღნიშნა, პოლიტიკურ გაერთიანებაში ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და ოცნებას არავინ უჭერს მხარს. მისივე თქმით, გაერთიანებაში უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
4 მაისს, უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) და აღნიშნა, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".
კეტი პირის ამ განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ დასკვნებს პარტიაშიც გააკეთებენ, "შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში".