logo
ENG



კალაძე კარტოგრაფების საქმეზე: დაველოდოთ გამოძიებას და ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ

11 ოქტ 202015:44
3 წუთის საკითხავი
clock 1064

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ დავითგარეჯის საქმეში არსებული რუკების  საქართველოში ჩამოტანასთან მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კავშირზე საუბარი "არასერიოზულია".

კალაძემ აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მედიას მოუწოდა, მის დასრულებამდე "ზედმეტი კითხვებისგან" თავი შეიკავონ.

„დავით გარეჯს რაც შეეხება, დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ, თავი შევიკავოთ ზედმეტი კითხვებისგან. ყველაფერი იქნება გარკვეული. თუ გამოიკვეთება სხვა ვინმე კონკრეტული ადამიანები, გვეტყვის გამოძიება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, მიაწოდა თუ არა პროკურატურას რუკები ივანიშვილმა, თბილისის მერმა ასე უპასუხა: "რა შუაშია ივანიშვილი? არასწორი ლოგიკაა".

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

9 ოქტომბერს, დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ განაცხადა, რომ კარტოგრაფიული რუკის მოძიებაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. მისი თქმით, დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა მამა კირიონმა დახმარებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, შემდეგ კი ორიგინალი რუკის მოძიების საქმეში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და დავით ხიდაშელს დაუკავშირდა, რომელმაც რუკის ორიგინალი მოიძია.

დავით ხიდაშელზე, რომელსაც დეკანოზი ახსენებს, ფორმულა საუბრობდა. გიორგი თარგამაძის ფორმულას წყაროს ცნობით, ის ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ პროკურატურას მიაწოდა და რის საფუძველზეც დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, უწყებამ რუსეთიდან მოიპოვა. წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რუკები სწორედ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.

რა ვიცით დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების საქმეზე, წაიკითხეთ აქ.

რას ამბობს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში დავით ხიდაშელი - ნახეთ აქ


close დახურვა