logo
ENG



კალოიანი: ხელისუფლებამ ისე წაიყვანა პროცესი, რომ ლოკდაუნი ​ერთადერთ გამოსავლად დატოვა

25 ნოე 202013:41
3 წუთის საკითხავი
 

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ვახტანგ კალოიანის, განცხადებით, ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესები ისე მართა, რომ დღევანდელ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავალი ე.წ. ლოკდაუნი და მობილობის მაქსიმალური შეზღუდვაა.

როგორც კალოიანმა გადაცემა კომენტარში აღნიშნა, სწორი ორგანიზების შემთხვევაში, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას საშუალება ექნებოდა, იმაზე ორჯერ მეტი დატვირთვისთვისაც გაეძლო, რაც მასზე ბოლო პერიოდში მოდის.

"სწორი ორგანიზების შემთხვევაში, სისტემას აქვს საშუალება, გაუძლოს ბევრად მეტს. თუმცა, გავრცელების ტემპი ისეთია, რომ დაახლოებით ორ-ნახევარჯერ მეტი გამტარუნარიანობა შეიძლება ჰქონდეს სისტემას. ესეც არ იქნება გამოსავალი. ხელისუფლებამ ისე წაიყვანა ამ პროცესის მართვა, რომ ლოკდაუნი და მობილობის შეზღუდვები ფაქტობრივად ერთადერთ გამოსავლად დატოვა. ისე გააკეთა ამის საინფორმაციო  ორგანიზება, რომ ახლა უკვე ექიმები და მოქალაქეების დიდი ნაწილი სთხოვს მათ, რომ შეზღუდვები დროზე შემოიღონ", - განაცხადა კალოიანმა.

მისივე თქმით, დღეს საუბარი არა შეზღუდვების სქემებზე, არამედ ამ შეზღუდვებიდან გამოსვლის გეგმაზე უნდა იყოს, თუმცა მმართველი გუნდი პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად, "პიარულ და საინფორმაციო ომშია ჩართული".

"სწორი მართვის პირობებში, ჩვენ ახლა შეზღუდვების სქემებზე და ფორმულებზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, ეს უნდა იყოს დიდი ხნის წინ გაწერილი ცალსახა რეკომენდაციები და უკვე უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ გამოვდივართ ამ შეზღუდვებიდან. ეს ყველაფერი უნდა იყოს წერილობით გაწერილი, დოკუმენტირებული, ინსტრუქციები უნდა იყოს ცალსახა და ნათელი. თუმცა, არაფერი მსგავსი არ ხდება, ძირითადად პიარულ და საინფორმაციო ომშია ჩართული ქართული ოცნება მისი პანდემიითურთ და რეალურად ამ გზით აპირებს სიტუაციის მართვას. სამწუხაროდ, რეალური, პრაქტიკული გადაწყვეტილებები არ ჩანს", - თქვა ვახტანგ კალოიანმა.

მან ასევე კონკრეტული რეგულაციების შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა. კერძოდ, კალოიანის განცხადებით, აუცილებელია, პირველ რიგში, შეიქმნას ჰოსპიტალიზაციისა და ჰოსპიტლიდან გაწერის თანამედროვე კრიტერიუმები.

"ჯობია, შექმნან თანამედროვე, ფაქტებზე დამყარებული ჰოსპიტალიზაციისა და ჰოსპიტლიდან გაწერის კრიტერიუმები. კოვიდს მის სივერაგესთან ერთად ახასიათებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ - მისი შედეგები როგორც კლინიკური, ისე არაკლინიკური, იოლად გაზომვადია. შესაბამისად, ამის გაკეთება ძალიან მარტივია, თუმცა ეს ჩაიძირა კლინიკური საბჭოს და საკოორდინაციო საბჭოს შიდაპარტიულ, პოლიტიკურ ინტრიგებში და ჩვენ დღესაც არ გვაქვს პროტოკოლი. დღესაც ვმართავთ ნაკადებს იმ ტემპით, თითქოს გვყავდეს 20-30 ინფიცირებული დღეში", - აღნიშნა კალოიანმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ სწრაფი, თანმიმდევრული და თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ დღეს არსებული ვითარების სტაბილიზაცია მოხდეს.

"ჩვენ უნდა გადავდგათ ძალიან თანმიმდევრული, სწრაფი და თამამი ნაბიჯები. პირველი - რადგან ასეთ დღეში ჩაგვაგდეს, უნდა შევამციროთ დროებით მობილობა, რათა ამოვისუნთქოთ, ოღონდ ამას უნდა მოყვეს ძალიან სერიოზული სოციალური პაკეტი მოქალაქეებისთვის და მკაცრად განსაზღვრული გეგმა მასიური ტესტირების სახით, ჰოსპიტალური სექტორის გადაწყობის, რეორგანიზაციის და ამ შეზღუდვებიდან გამოსვლის გაწერილი გეგმის სახით. ამ ნაბიჯების გადადგმით დაახლოებით 2 კვირაში ამოვისუნთქავთ და თვის ბოლოს მივიღებთ ერთგვარ კლებას და სტაბილიზაციას. ეს ხანგრძლივ დროში მოგვცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის შენარჩუნების, ისე ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურად გადარჩენის საშუალებას", - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

საქართველოში დღეს, 25 ნოემბერს, კორონავირუსის 3 071 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 366 ადამიანი, 34 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა