„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებში შეყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანამ ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლოს და რეგულარული ფრენები აღადგინოს.
კანდელაკის თქმით, თუნდაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან რეგულარული ფრენების აღდგენა, ტურიზმის სექტორისთვის შვება იქნებოდა.
„ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე დაყრდნობით, ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და გავხსნათ რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ან ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებთან, სადაც ეპიდემიოლოგიუირი სიტუცია არის კარგი, ან ძალიან კარგი. ასეთი ქვეყნებია ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, სხვა რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ჩვენი ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ პანდემიამდე მდგომარეობას ტურიზმი ვერ დაუბრუნდება, მაგრამ ფრენების გახსნა, თუნდაც რამდენიმე ქვეყანასთან, იქნებოდა შვება“, - განაცხადა კანდელაკმა.
ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მოქალაქეებისთვის, პანდემიის მიუხედავად, 1 ივლისიდან წევრი ქვეყნები საზღვარს გახსნიან. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში არის საქართველოც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უსაფრთხო ქვეყნების ამჟამიდელ სიაში შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ელ აგვისტომდე არ აპირებს.