logo
ENG



კანდელაკი ფრენების გადადებაზე: ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის გაწირვას ნიშნავს

26 ივნ 202012:05
3 წუთის საკითხავი
 
fjgitkso82uwl4t.jpg

ევროპულ საქართველოს მიაჩნია, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენის ერთი თვით გადავადება საქართველოს ეკონომიკის გაწირვის ტოლფასია.

პარტიის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ეს გადაწყვეტილება მრავალ ადამიანს შემოსავლის გარეშე დატოვებს. დეპუტატს აინტერესებს, რატომ გადადო საქართველოს ხელისუფლებამ ფრენების აღდგენა, მაშინ, როდესაც ევროკავშირს ჯერ იმ ქვეყნების სია არ გამოუქვეყნებია, რომლებთან მიმოსვლასაც 1 ივლისიდან ხსნის.

"დღეს ევროკავშირმა უნდა გამოაქვეყნოს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც უხსნის საზღვრებს პირველი ივლისიდან. გუშინ Euronews-მა და Reuters-მა გამოაქვეყნა მათ მიერ მოპოვებული სია, რომელშიც საქართველო ფიგურირებს. სიის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, საქართველოს მთავრობის მიერ ყველა რეგულარული ფრენის გაუქმება ერთი თვის ვადით, ჩვენი აზრით, გაუგებარია.

ფრენების გაუქმებას ძალიან ბევრი ადამიანი და ბიზნესი სულმოუთქმელად ელოდა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ეკონომიკის გაწირვას, ძალიან ბევრი ადამიანის შემოსავლის გარეშე დატოვებას, ფრენების გაუქმება ეხება ყველა ევროკავშირის ქვეყანას, სადაც ეპიდსიტუაცია ნორმალურია", - ამბობს კანდელაკი.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, საერთაშორისო ფრენების აღდგენა ივლისის ბოლოსთვის გადაიწევს. ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებას ელოდება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის თარიღი ოფიციალურად დაზუსტებამდე მოქალაქეებს ბილეთების შეძენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც. 

25 ივნისს Euronews-მა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სიის სამუშაო ვერსია, რომელთა მოქალაქეებიც პირველი ივლისიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ. ქვეყნებს შორის საქართველოც არის დასახელებული.

 


close დახურვა