5 ივლისს ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კანონის უზენაესობის ცენტრი (RLC) საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს სწორი კვალიფიკაცია მიენიჭოს.
RLC-ის განცხადებით, თავდასხმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, დანაშაულის ჩადენის პირველივე დღესვე მიუთითებდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე, რაც აზრისა და პროფესიული მოღვაწეობის გამო, სიტყვის დევნას გულისხმობს.
თუმცა ამის მიუხედავად, საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ნაცვლად, კვლავ არაუფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
"ამჯერად, საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია შემთხვევის ახალი დეტალების შესახებ. დაზარალებულის მხრიდან გამოითქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ თავდასხმის განხორციელებაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო უწყების, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ტელევიზიით გავრცელდა აღნიშნული ეჭვის დამადასტურებელი მასალაც", - ნათქვამია განცხადებაში.
კანონის უზენაესობის ცენტრი აღნიშნავს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, დაადგინოს მონაწილეობდნენ თუ არა თავდასხმაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.
ფორმულამ გაარკვია, რომ მუმლაძე დაბადებულია 1998 წელს, მუშაობდა შსს-ში, რამდენიმე თვეა რაც სუს-ის ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად გადაიყვანა ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.
გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".
ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა.
ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა.
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.
წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.