logo
ENG



კაპანაძე: მელაშვილი-ილიჩოვას გაშვება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ოპოზიცია მტკიცედ დადგა

28 იან 202114:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/28/ga8h5sza5l5jsp2.jpg

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთად დგომის შედეგია პროკურატურის განცხადება, დაკავებული კარტოგრაფების, იველი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის საპატიმრო სასჯელის გირაოთი შეცვლაზე. მან ასევე აღნშნა, რომ შესაძლოა, ახლა სხვა დააკავონ ამავე საქმეზე და სხვა "აიყვანონ მძევლად". 

"გირაოს უფარდებენ მელაშვილს და ილიჩვოვას, რაც ძალიან კარგია და ერთი მცირე გამარჯვებაა. ოღონდ, ახლა, როგორც ჩანს სხვა ვინმეს დააკავებენ და ახლა მას აიყვანენ მძევლად. ასეთია არალეგიტიმური რეჟიმის სახე. მელაშვილის და ილიჩოვას გაშვება კი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ოპოზიცია მტკიცედ დადგა და რამდენიმე კაპრიზიანი ვაიპოლიტიკოსის გარდა, ეთხმად მოითხოვა ამ ადამიანების გათავისუფლება", - წერს სერგი კაპანაძე.

დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

"დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას", - განაცხადა პროკურორმა.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. პარალელურად, სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.

მანამდე, გამოძიების დასასრულს, პროკურატურამ გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერები ივერი მელაშვილის მონაწილეობით. დაცვის მხარე ამბობს, რომ ეს ჩანაწერები, პირიქით, ბრალდებულის უდანაშაულობაზე მიუთითებს, მის გამოძიების ბოლო ეტაპზე გამოქვეყნებას კი პროპაგანდისტული დანიშნულება ჰქონდა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა