logo
ENG



კაპანაძე: მოვუწოდებთ მთავრობას უზრუნველყონ ქვეყანაში დამკვირვებლების შეუფერხებლად შემოსვლა

21 აგვ 202011:20
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ არჩევნებისთვის ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების მცირე რაოდენობა ჩამოვიდეს.

როგორც კაპანაძე ამბობს, ხელისუფლება პანდემიას სათავისოდ იყენებს და იმედი აქვს, რომ ქვეყანაში ნაკლები საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის არ შეექმნას პრობლემა და შეფერხება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, რომ დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე. ისინი იმალებიან ე.წ კორონა კრიზისის და პანდემიის უკან და იმედი აქვთ, რომ დამკვირვებლების რაოდენობა იქნება მცირე",-ამბობს კაპანაძე.

ევროპული საქართველო მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის სავალდებულო კარანტინი გააუქმოს, რათა მათ ქვეყანაში შემოსვლა შეუფერხებლად შეძლონ.

პარტია ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა.

როგორც კაპანაძე განმარტავს ამ ორი პირობის შესრულება აუცილებელია, რათა არჩევნები სამართლიანად აღიქვან.

"მოვუწოდებთ მთავრობას გააკეთონ მომდევნო ორი რამ:

1) უზრუნველყონ, რომ დამკვირვებლები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, იქნება ეს ეუთო, ევროსაბჭო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, თუ ამერიკული ორგანიზაციები, შემოვიდნენ საქართველოში შეფერხების გარეშე. იგულისხმება დამკვირვებლებისთვის კარანტინის მოთხოვნის გაუქმება და მათთვის შემოსვლის გამარტივება

2) ხელისუფლებამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დამკვირვებლებს შეუქმნის დაზღვევას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არის ესეთი მოსაზრება, ზოგიერთ ქვეყანაში, რომ იმის გამო რომ მსოფლიოში არის პანდემია გავრცელებული და იმის გამო, რომ იმ ქვეყნის დაზღვევის სისტემა საქართველოში არ მოქმედებს, დამკვირვებელი შეიძლება არ ჩამოვიდეს. ამიტომ ეს ვალდებულებაც უნდა აიღოს ქვეყანამ თავის თავზე - თუ უნდა, რომ ეს არჩევნები იყოს აღქმული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

მარტო წერილის გაგზავნა და იმის თქმა, რომ მოვიწვიე და ახლა მათზეა ჩამოვლენ თუ არა საკმარისი არ არის",-აცხადებს სერგი კაპანაძე.


close დახურვა