„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მთავრობას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაუყოვნებლივ მოიხსნას, ასევე შეიქმნას ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, რომელიც ქვეყანას დროულად გამოიყვანს კრიზისიდან.
გარდა ამისა, კაპანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება უნდა აღდგეს და მთავრობამ დაპირებები შეასრულოს.
„ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე საკმარისია ის შეზღუდვები, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა. შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ჩვენ კონკრეტული გეგმით მივმართეთ თუ რა არის მოსახნელი - მათ შორის კომენდანტის საათი, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა. უნდა დარჩეს ჯანდაცვის შეზღუდვები მოწყვლად ჯგუფებზე. სწრაფად უნდა გატრდეს ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, რათა კრიზისი იქნეს დაძლეული.
"გარდა ამისა, უნდა აღდგეს პოლიტიკური ცხოვრება, პარლამენტის ზედამხედველობა თუ როგორ იხარჯება ეს ფული. ის შეთანხმება, რომელიც არსებობს ხელისუფლებას, ოპოზიციასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის უნდა შესრულდეს. შეთანხმება, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და და მეორეს მხრივ, საარჩევნო სისტემის რეფორმას. ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს და ველოდებით, რომ ხელისუფლება თავის ნაწილს შეასრულებს“, - აცხადებს კაპანაძე.
კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.