ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებს არაკომპეტენტურს უწოდებს.
როგორც კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი პანიკაშია და ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ ზარალს აყენებს.
"გუშინ ვნახეთ ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯები მთავრობის მხრიდან, როდესაც ყველანაირი ახსნა-განმარტების, იურიდიული საფუძველის და კონკრეტული დოკუმენტების გარეშე, კრიმინალური პოლიცია და სამართალდამცავები მიადგნენ თბილისში არსებულ ბარებს და რესტორნებს და უბრძანეს, რომ დახურულიყვნენ. კარგად გვახსოვს, როგორ გააჩერეს მათ ეკონომიკა კორონასთან დაკავშირებული არგუმენტებით 2-3 თვის განმავლობაში და უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ეკონომიკას. დღეს რასაც მთავრობა აკეთებს, არის ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე მორიგი დარტყმის მიყენების მცდელობა ეკონომიკისთვის. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება არის პანიკაში. ერთი მხრივ უნდა გააგრძელოს ქულების ჩაწერა, და მითის გაღვივება, რომ ეფექტურად ართმევს თავს კორონას და მეორე მხრივ, ისე რომ ადამიანებმა არ გაიგონ, ჩუმად მოახრჩოს ისევ ეკონომიკა". - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, თუ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, ამის შესახებ ხელისუფლებამ ღიად უნდა განაცხადოს და კონკრეტული წესები განსაზღვროს.
"თუ სიტუაცია ასეთი მძიმეა, რომ ახსნა-განმარტების გარეშე უნდა დახურონ ბარები, კაფეები, რესტორნები, რაზეც დამოკიდებულია ეკონომიკა მათ შორის თბილისის, ასეთ შემთხვევაში ეს ღიად უნდა იყოს ნათქვამი და წესები უნდა იყოს განსაზღვრული. ეს არ უნდა ხდებოდეს კრიმინალური პოლიციის შევარდნის შედეგად. პარალელურად, არ უნდა ხდებოდეს მერიის მიერ ნებართვამიცემული კონცერტების ორგანიზება, ხალხმრავალი. მთავრობის მიერ თავმომწონეობის დემონსტრირების პირობებში, მოკლავენ ეკონომიკას, როგორც ეს უკვე ნახევრად გააკეთეს ბოლო 3-4 თვის განმავლობაში". - განაცხადა კაპანაძემ.
12 სექტემბრის საღამოს კაფე-ბარების ხელმძღვანელებს მოსთხოვეს, ობიექტები დაეხურათ ან სივრცეში მყოფი სტუმრების რაოდენობა 10 ადამიანამდე შეემცირებინათ, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მოტივით. პარალელურად, მერიის ნებართვით, კიკვიძის ბაღში კონცერტი გაიმართა. როგორც ფორმულას მერიაში განუცხადეს, კონცერტის აკრძალვის უფლება არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე შეიზღუდა; აიკრძალა ღამის კლუბები ღია სივრცეებში. შეზღუდვები შეეხო ქორწილებს, იუბილეებს, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, სადაც დამსწრეთა რაოდენობა 10 კაცს შეადგენს.