ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის სუს-ში დაბარებას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაბრალებაას აპირებს.
კაპანაძის თქმით, მმართველი გუნდი მიზანს ვერ მიაღწევს.
"ახლა მოიგონეს ის, რაც დიდი ხანია მათი მხრიდან მოდის და გვესმის, თითქოს ოპოზიცია აპირებს რაღაც გადატრიალებას. ყველაზე საინტერესო და სასაცილო ამ ამბავში ის არის, რომ მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედ და კობახიძე არის ის, ვინც სუს-ში მივიდა, თითქოს რაღაც ინფორმაცია მიაწოდა. უნდა გაიგოს ამ ადამიანმა, რომ ასეთი იაფი დაშინებით მას არაფერი გამოუვა. როგორც ჩანს, ეს აქამდე ვერ გაიგო და გაიგებს რვაში და მომდევნო დღეებში", - განაცხადა ბრიფინგზე კაპანაძემ.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა 5 ნოემბერს სუს-დან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოკითხვისას დაასახელა ინფორმაციის წყარო და ასევე წარადგინა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც "დესტრუქციული სცენარისთვის ემზადებოდნენ".
"დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. დავასახელე დღეს ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე შინაარსი და წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მან კონკრეტული გვარებიც დაასახელა. კერძოდ, ოცნების ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ "რევოლუციური სცენარი" მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო შედგენილი და მასში ენმ-ის სხვა ლიდერებთან ერთად, ჩართული იყვნენ დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი.