ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მას არ მიაჩნია სწორად ის, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების დეტალებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ.
კაპანაძის თქმით, შეხვედრებზე დადებული პირობის დარღვევა არ სურთ და ამ პირობის ფარგლებში ცდილობენ, გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ. ამის შესახებ მან გადაცემაში კომენტარი ისუბრა.
"არ მიმაჩნია სწორად, პირდაპირ გეტყვით. მიმაჩნია, რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული. უბრალოდ, როდესაც ეს პირობა იდება ხოლმე შეხვედრაზე, მერე ჩვენ არ გვინდა, რომ დავარღვიოთ, თორემ მიმაჩნია, რომ უფრო მეტი დეტალი უნდა იყოს ცნობილი და იმ შეთანხმების ფარგლებში, რაც გვაქვს შიგნით, რომ დეტალებზე არ ვისაუბროთ, ჩვენ მაინც ვცდილობთ ხოლმე, რომ გარკვეული ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი", - ამბობს კაპანაძე.
ვახო სანაიას კითხვაზე - ვისი მოთხოვნაა დეტალების არ გასაჯაროება, ელჩების თუ ხელისუფლების, კაპანაძე პასუხობს, რომ ეს მოთხოვნა მოლაპარაკებების მაგიდასთან გაჩნდა და ელჩებმა მისი შესრულება ითხოვეს:
"ეს მოთხოვნა გაჩნდა მოლაპარაკებების მაგიდაზე და ელჩები იყვნენ, რომლებიც ჩვენ გვთხოვდნენ ამას, აქედან გამომდინარე, მათ ანგარიშს ვუწევთ, თუმცა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული იმაზე, რაც ხდება. გასაგებია, რომ მოლაპარაკების დეტალების ლაივში გადაცემა არ არის ხოლმე სწორი, თუმცა საზოგადოების ინფორმირება მთავარ საკითხებზე, იმაზე, თუ რაზე მიდის მოლაპარაკებები, რა არის მთავარი პრობლემები ან სად არის გადაკვეთის წერტილები, მგონია, რომ ამაზე უფრო ღია უნდა იყოს საუბარი", - თქვა სერგი კაპანაძემ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების მონაწილეები განხილული საკითხების დეტალებზე ამ დრომდე საჯაროდ არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს შეხვედრების ერთერთი მოთხოვნაა.
ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის შეთავაზების დოკუმენტი ფორმულამ მოიპოვა და გამოაქვეყნა.
4-პუნქტიანი გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა, შეხვედრების მესამე რაუნდზე განიხილეს, რომელიც დღეს, 7 დეკემბერს გაიმართა.
წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით 4 დეკემბერს წარუდგინა.
7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ გარკვეულ საკითხებზე მხარეების პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ზოგიერთ მთავარ საკითხზე ეს ვერ მოხერხდა.
შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.