შაბათის ფორმულამ დავით ხიდაშელის ჩვენება მოიპოვა. ხიდაშელი ბიზნესმენია, რომლის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკები კარტოგრაფების საქმეს საფუძვლად დაედო.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მოსკოვში, სახელმწიფო არქივში დაცული რუკები 2020 წლის მარტში გამოაგზავნა. არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, დავით ხიდაშელს რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.
თავად ხიდაშელი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მას ბეჟან მაისურაძე დაუკავშირდა და თავდაცვის სამინისტროსთვის რუკების მოძიება სთხოვა. ხიდაშელი დეტალურად აღწერს, როგორ შეიძინა მასალა მოსკოვში.
"ბეჟან მაისურაძემ მთხოვა, დავხმარებოდი მას და საქართველოს ზემოთხსენებული პერიოდის რუკები მომეძებნა და გადამეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, რადგან სამსახურებრივად ეს სამინისტრო ამ რუკებს საჭიროებდა.
გარკვეული პერიოდის ძებნის შემდეგ სასურველი რედაქციის რუკებს მივაკვლიე რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კერძოდ კი მოსკოვში არსებულ სახელმწიფო ფედერაციულ საბიუჯეტო დაწესებულებაში.
2020 წლის მარტის შუა რიცხვებში აღნიშნულ სუბიექტთან, იმ დროისთვის თანამშრომელმა მოსკოვში, ლენინგრადის პროსპექტზე, სერგეი ივანეს ძე ბრაგინმა, ჩემი თხოვნით ვინაიდან არ ვარ რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, გააფორმა ხელშეკრულება და ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც შემდგომ მეც გავაფორმე ხსენებულ დაწესებულებასთან, გადმოგცა აღნიშნული დაწესებულების სახელმწიფო ფონდში დაცული 1:200 000 მასშტაბის შემდეგი ნომენკლატურის ტოპოგრაფიული რუკები", - ნათქვამია ხიდაშელის ჩვენებაში.
ირკვევა, რომ დავით ხიდაშელი, ბეჟან მაისურაძესთან ერთად საქართველოში ივლისში ჩამოვიდა და კარტოგრაფიული მასალა სრულად ჩამოიტანა. ამის შემდეგ ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიის მუშაობაში მოწვეული ექსპერტის თანამდებობით ჩართო. ჩვენებით ირკვევა, რომ შეხვედრა მან ჯერ საგარეო, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროებში გამართა. შეხვდა როგორც ივერი მელაშვილს, ასევე ნატალია ილიჩოვას.
"ივერი მელაშვილს ვკითხე, შეთანხმების დროს რატომ არ გაითვალისწინა 1938 წლის და რატომ გამოიყენეს 1978 წელს შიდა, შემდგომ პერიოდში შედგენილი რუკები. აღნიშნულზე მივიღე პასუხი, რომ რუკების გამოყენება საერთოდ არ იყო საჭირო და უკეთესი იყო უფრო მსხვილ მასშტაბიანი რუკებით ხელმძღვანელობა, რაც გამოიყენეს. კერძოდ 1:50 000 მასშტაბის რუკა. იგივე შეკითხვაზე პირდაპირ პასუხზე თავს იკავებდა.
2020 წლის 1-ლ აგვისტოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა, ბეჟან მაისურაძესთან ერთად ვესწრებოდი. ამ შეხვედრაზე მოწვეული იყო ნატალია ილიჩოვა. მას იგივე კითხვები დავუსვი, რაზეც მიპასუხა, რომ 1938 წლის 1: 2 00000 და 1:500 000 მასშტაბის 1936 წლის რუკები შეცდომით იყო დაბეჭდილი და ამიტომ რუკებით კომისიას არ უნდა ეხელმძღვანელა",-ნათქვამია ჩვენებაში.
ბიზნესმენს შაბათის ფორმულა დაუკავშირდა. ხიდაშელმა სატელეფონო მიმოწერის დროს დაადასტურა, რომ მასალები მარტში სხვას გამოატანა.
დავით ხიდაშელმა შაბათის ფორმულას ასევე დაუდასტურა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე 8 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, მასალების მოპოვების პროცესში მას უშიშროების რუსი ოფიცერი არ დახმარებია. ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას, ორშაბათს, 12 ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ აპირებს.
დავით ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორია. ის ივანიშვილთან ერთად ჟურნალისტურ გამოძიებაში, პანამის დოკუმენტებშიც მოხვდა. მისი კომპანია, ისევე როგორც ივანიშვილის კომპანიები, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულზე ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული.
დავით ხიდაშელი შაბათის ფორმულასთან ლაპარაკისას არ ადასტურებს, რომ მას დახმარება ივანიშვილმა თხოვა.
საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავჯდომარე, გიორგი მანჯგალაძე, უკვე კვირაზე მეტია, შაბათის ფორმულას კითხვებს არ პასუხობს.
ის კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა და პროკურატურამ 14 სექტემბერს გამოკითხა.
გამოკითხვის ოქმში, რომელიც ფორმულამ მოიპოვა, მანჯგალაძე ვერ ასახელებს ზუსტად რომელი რუკებით ხელმძღვანელობდა კომისია. ის გამომძიებლებს ეუბნება, რომ კომისიის ხელმძღვანელობის პერიოდში ახალი რუკა ან გარემოება საზღვრის დასადგენად არ გამოუყენებიათ.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთან ნახაზები მოჰქონდათ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, ხოლო რომელი რუკებით მოხდა ხელმძღვანელობა ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა ცნობილი.
ნახაზების წარმოდგენის შემდეგ ხდებოდა მისი განხილვა კომისიაზე. მუდმივად იყო ჩემი მხრიდან კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ყოფილა რამე ახალი საკითხები, იგივე ახალი რამე რუკა ხომ არ არსებობდა, რომელიც ძირფესვიანად შეცვლიდა კომისიის მუშაობის პროცესს, თუმცა ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ამგვარი რამ არ მახსენდება. კომისიაზე კონსესუსის მიღწევის შემდეგ ხდებოდა ჩემს მიერ მოხსენება საგარეო საქმეთა მინისტრისთვის და თანხმობის მიღების შემდეგ, უკვე შეთანხმების გაფორმება აზერბაიჯანულ მხარესთან",-ნათქვამია ჩვენებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გამოძიება სადავოს ხდის 2006 წლის 4 აგვისტოსა და 2007 წლის 7 მარტის შეთანხმებებს, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში მოხდა. კომისიების ამ შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციას სწორედ გიორგი მანჯგალაძე წარმოადგენდა, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ კომისიის სხვა წევრებს 1938 წლის 1-200-ათასთან მასშტაბის რუკები დაუმალეს. თუმცა მანჯგალაძის ჩვენებაში არცერთი კითხვა გამომძიებლებს ამ რუკასთან დაკავშირებით არ დაუსვამთ. გამოძიება არც იმით დაინტერესდა, იცოდა თუ არა მანჯგალაძემ ალტერნატიული რუკების არსებობის შესახებ.
პროკურატურის გამოკითხულ პირთა შორისაა 2006-2007 წლებში საზღვრების დამდგენი კომისიის წევრი ირაკლი ლეჟავა. ის დღემდე გარემოს დაცვის სამინისტროს კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის უფროსია.
ლეჟავა ამბობს,რომ რუკების შესახებ კომისიამ იცოდა. ის დარწმუნებულია, რომ დაკავებულები დამნაშავეები არ არიან.
პროკურატურის მოწმეების აბსურდულობაზე საუბრობენ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებიც. მათი ინფორმაციით, მოწმეების უმეტესობას გამომძიებლებმა პროკურორებმა მთავარი კითხვები არ დაუსვეს და ისინი ახლიდან არიან გამოსაკითხი. მათთვის ჩვენებები ცალმხრივია.
****
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".
რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".