მმართველი გუნდის წარმომადგენლების ვიზიტს შეერთებულ შტატებში პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აფასებს. კუჭავა კოლეგების მსგავსად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების კრიტიკა არასრულად ინფორმირებულობის შედეგი იყო და პარტნიორ ქვეყანას უკვე სრული ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. მისი განცხადებით, ამერიკული მხარე ასევე მადლიერია იმ კონტრიბუციისთვის, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიებში ახორციელებენ.
"გაირკვა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელზეც მათ სრული ინფორმაცია არ ჰქონდათ. ეს იყო შესაძლებლობა მათთვის მიეღოთ დეტალური ინფორმაცია. მაგალითად, მათ იცოდნენ, რომ მიმდინარეობდა საერთაშორისო დავა "ფონტერასთან" მიმართებაში. გარკვეულ "ფეიკ ნიუსებზეც" მივაწოდეთ ინფორმაცია და ა.შ. განვხილეთ ბევრი საკითხი, რაც მათ აინტერესებდათ და ჩვენგან მიიღეს პასუხები",-აღნიშნა კუჭავამ.